აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით, 27-28 მაისს, საქართველოს სპორტისა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ბათუმმა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას – „სპორტული მედიცინა სპორტსმენთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის“ უმასპინძლა.
ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა საერთო სივრცის შექმნა სპორტულ მედიცინაში მოღვაწე ექიმების, ფიზიოთერაპევტების, მწვრთნელებისსა და მკვლევრებისთვის,სადაც შეძლებნენ გამოცდილების გაზიარებას, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომების გაცვლასა და თანამედროვე სამეცნიერო მიგნებების პრაქტიკაში დანერგვის განხილვას.
ღონისძიება ოფიციალურად საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ გახსნა და ხაზი გაუსვა სპორტში სამედიცინო მხარდაჭერის მზარდ როლს. აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა კი აღნიშნა კონფერენციის მნიშვნელობა როგორც ბათუმისთვის, ისე მთელი რეგიონისათვის.
აღნიშნული კონფერენციის ორგანიზებაში დიდი წვლილი მიუძღვის აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტსა და მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ ხათუნა საგანელიძეს, რომელიც ამავე ღონისძიებაზე მედიატორის პოზიციასაც იკავებდა.
კონფერენციის სამუშაო სესია ჩეხი პროფესორისა და აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურის ხელმძღვანელის ირი დოსტალის გამოსვლით გაიხსნა. მისი მოხსენება მოიცავდა სიმაღლეზე ვარჯიშის გავლენას სპორტსმენის ფიზიოლოგიაზე და ჰიპოქსიურ გარემოსთან ადაპტაციის მექანიზმებს. ბატონმა ირიმ, ასევე მიმოიხილა ელიტარული სპორტისთვის ეფექტური და უსაფრთხო წვრთნის გეგმის ფორმირების ძირითადი პრინციპები.
ასევე, კონფერენციაზე სლოვაკმა რადიოლოგმა, ვლადიმირ ნოიშლიმ, საკუთარ მოხსენებაში,ყურადღება გაამახვილა კუნთოვანი დაზიანებების დიაგნოსტიკასა და მონიტორინგზე MRI და ულტრაბგერითი მეთოდების გამოყენებით. მან აღნიშნა, რომ სპორტული მედიცინის გუნდში რადიოლოგის როლი გაცილებით სცდება მხოლოდ დიაგნოზის დასმას — ის ხდება მკურნალობის მართვის პროცესის ერთ-ერთი განმსაზღვრელი რგოლი, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ტრავმების შემთხვევაში
დღის წესრიგი მოიცავდა რამდენიმე თემატურ ბლოკს, მათ შორის ტრავმების პრევენციას, ადრეულ დიაგნოსტიკას, თანამედროვე რეაბილიტაციის მეთოდებს, დატვირთვის კონტროლსა და ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციას სპორტულ პრაქტიკაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მულტიდისციპლინურ თანამშრომლობას — სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების კოორდინირებულ მუშაობას, როგორც სპორტსმენის ჯანმრთელობისა და წარმატების წინაპირობას.
ღონისძიების გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე.
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი აგრძელებს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას და მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც განათლების, მეცნიერებისა და პრაქტიკის სინთეზს უწყობს ხელს.